BuzzFeed-მა, რომელიც პოპულარული ონლაინგადაცემის Hot Ones-ის საავტორო უფლებებს ფლობდა, პროექტის უკან მდგარი კომპანია First We Feast $82.5 მილიონად გაყიდა. გარიგება საინვესტიციო კონსორციუმმა შეიძინა, რომლის წევრებიც ჯორჯ სოროსის ჰოლდინგი, Hot Ones-ის წამყვანი შონ ევანსი, First We Feast-ის დამფუძნებელი კრის შონენბერგი და Mythical Entertainment-ის დამფუძნებლები რეტ მაკლაფლინი და ლინკ ნილი არიან.
Hot Ones ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინგადაცემაა, რომელიც ცნობილ პირებს სხვადასხვა ცხარე სოუსებით გაკეთებულ ქათმის ფრთებს სთავაზობს. გადაცემის YouTube არხს 14.2 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო ყველაზე პოპულარულ ვიდეოს 129 მილიონი ნახვა აქვს, სადაც გადაცემის სტუმარი შეფმზარეული გორდონ რემზია.
გადაცემის წარმატება ისეთ სოციალურ ფენომენად იქცა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, კამალა ჰარისის მოწვევაც კი სურდა. Hot Ones-ში ბილი აილიში, შაკილ ო’ნილი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და სხვა ცნობილი სახეები იჩენდნენ თავს.
First We Feast-ის არხზე განთავსებულია 1,928 ვიდეო, რომელთაც სულ 4.2 მილიარდი ნახვა მოიპოვეს. კომპანია ასევე სხვა მცირე ბიზნესებსაც ფლობს, მათ შორის ცხარე სოუსების წარმოებას.
BuzzFeed-მა Hot Ones-ის გაყიდვა ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტა. მას $124 მილიონის ვალი აქვს, ხოლო გარიგებიდან მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ვალების დასაფარად. BuzzFeed-ის აქციები 2021 წელს NASDAQ-ზე გამოშვების შემდეგ 91%-ით გაუფასურდა, ხოლო მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $135 მილიონამდე შემცირდა.
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
მასალის გამოყენების პირობები