მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და 1 მლნ ლიტრზე მეტი ღვინო გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 58%-ით აღემატება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან დაწყებულმა მრავალმხრივმა ღონისძიებებმა, მათ შორის, ღვინის გამოფენებსა და საერთაშორისო მარკეტინგულ აქტივობებზე მონაწილეობამ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდაში.
2024 წელს, ქართული ღვინოები განთავსდა ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე “RAW Wine”, რომელიც წელს ნიუ-იორკში გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობდა რვა ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელთა ღვინოებიც დიდი ინტერესის ცენტრი გახდა. “RAW Wine” წარმოადგენს მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების გამოფენას, რომელიც გამორჩეული პროფესიონალებისა და ღვინის მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი.
“ღვინის ეროვნული სააგენტოს და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ექსპორტი მუდმივად იზრდება. ამგვარი ღონისძიებები, როგორიცაა “RAW Wine”-ის გამოფენა, ხელს უწყობს არა მხოლოდ ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, არამედ პოტენციური იმპორტიორების მოძიებას და ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს,” – აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 5.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა. გასული წლის მონაცემებით, აშშ-ს ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 3.7 მლნ აშშ დოლარი იყო. ეს ზრდა ადასტურებს, რომ ქართული ღვინო ძლიერდება როგორც ხარისხით, ისე საერთაშორისო ბაზარზე მისი ადგილით.
მასალის გამოყენების პირობები