ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025-ის” ფარგლებში გაიმართა

0
44

ტოკიოში, კვების პროდუქტებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025” ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ღვინოები, როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული. ღონისძიების ფარგლებში გამართული პრეზენტაცია მოიცავდა ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარებისა და ღვინის ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობის განხილვას.

აღნიშნულ დეგუსტაციას დაესწრნენ ღვინის იმპორტიორები, საცალო და საბითუმო გაყიდვების აგენტები, ასევე ღვინის პროფესიონალები. ქართული ღვინის წარდგენას, იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.

„Foodex Japan 2025” გამოფენა, რომელიც 50-ე საიუბილეო გამოფენაა, აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. გამოფენა 11-14 მარტს ტოკიოში მიმდინარეობს და მასში ათასობით კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს. ქართული ღვინის წარდგენა ამ ღონისძიების ფარგლებში იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების, ასევე იაპონური დისტრიბუტორი კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს აზიაში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ