საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბარსელონაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IBTM World 2024-ზეა წარმოდგენილი. გამოფენაში 7 კომპანია მონაწილეობს’ მათ შორის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რაც ქართულ საქმიან ტურიზმს საერთაშორისო ბაზარზე ფართო პოპულარიზაციას უწევს.
Silk Hospitality-ის გაყიდვების დირექტორი, სოფო მესხი, გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ IBTM-ის მსგავსი ღონისძიებები განაპირობებს საქართველოს მიმართ ინტერესის ზრდას.„IBTM-ის გამოფენას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ კონცენტრირებულია საქმიან ტურიზმზე. ეს სეგმენტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დასვენების ტურიზმთან ერთად ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ MICE ტურიზმზე და ძალიან მოხარული ვარ,რომ ამ გამოფენას ვესწრები. წელს იყო მართლაც უფრო დიდი დაინტერესება ვიდრე შარშან. შეხვედრებიც უფრო მეტი იყო. სხვადასხვა ქვეყნებიდან ინტერესი გაზრდილია საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართ. ევროპის ქვეყნებიდან გვქონდა საინტერესო შეხვედრები, ასევე იმ სამიზნე ბაზრებიდან რომლებიც უკვე ცნობილია ჩვენთვის და რომლებზეც უკვე წლებია ვმუშაობთ, მაგალითად: ისრაელი, ინდოეთი და ა.შ. ვიმედოვნებ, მომავალ წელს, ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება და მეტი საქმიანი მოგზაური ეყოლება საქართველოს“,-განაცხადა სოფო მესხმა.
IBTM World 2024-ის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წარმატებული შეხვედრები გამართა საერთაშორისო კომპანიებთან, სადაც განიხილეს საქართველოში საერთაშორისო კონფერენციების და ფორუმების გამართვის შესაძლებლობები.
საქართველო, როგორც საქმიანი ტურიზმის მიმართულება, მყარად დგება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე, ხოლო IBTM World 2024 კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანას, როგორც გამორჩეულ სეგმენტში მოქმედ პარტნიორს.
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
მასალის გამოყენების პირობები