ბოლნისური ღვინოები წარმატებით წარდგა იტალიაში გამართულ „მერანოს ღვინის ფესტივალზე“, სადაც 10 ადგილობრივი მარანის 17 სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ფესტივალის ღვინის კონკურსში ბოლნისურმა ღვინოებმა 7 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 2 ოქრო და 5 ვერცხლი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ღვინის ხარისხს.
ფესტივალზე გამართული ქართული ღვინის მასტერკლასი სომელიე თამარ ჭიჭიბოშვილმა გამართა, რომელმაც საერთაშორისო დეგუსტაციაზე ქართული ღვინოები წარმატებით წარადგინა. „ვფიქრობ, რომ ბოლნისური ღვინოები მკაფიოდ უსვამს ხაზს ქართული ყურძნის ჯიშებს. საინტერესოა, რომ ფესტივალზე წარვადგინეთ არა მხოლოდ ქვევრში დაყენებული, არამედ ბოლნისური იგივე შვაბური ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები, რამაც სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია,“ – აღნიშნა ჭიჭიბოშვილმა.
„მერანოს ღვინის ფესტივალი“ 33 წლის ისტორიის მქონე ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის მწარმოებლებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს.
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
მასალის გამოყენების პირობები