WhatsApp-მა შეტყობინებების თარგმნის ახალი ფუნქცია წარადგინა, რომლითაც მომხმარებლები ერთმანეთს მრავალ ენაზე გარესერვისების გამოყენების გარეშე დაუკავშირდებიან. ამის შესახებ კომპანია Meta-ს მიერ WhatsApp-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ფუნქციის გასააქტიურებლად საკმარისია უცხო ენაზე დაწერილ შეტყობინებაზე დიდხანს შეხებით ოფცია „თარგმნა“-ს არჩევა. ფუნქცია პირად ჩატებში, ჯგუფებში და არხებზეც კი მუშაობს.
Android-ის მომხმარებლები, ასევე, მთელი ჩატების ავტომატური თარგმანის ჩართვას შეძლებენ. ყველა თარგმანი პირდაპირ მოწყობილობაზე ხდება, ამიტომ WhatsApp-ს კონტენტზე წვდომა არ აქვს.
თარგმნის ფუნქცია Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის თანდათანობით იქნება ხელმისაწვდომი. Android ამჟამად ექვს ენას, კერძოდ, ინგლისურს, ესპანურს, ჰინდის, პორტუგალიურს, რუსულსა და არაბულს, ხოლო iOS 19-ზე მეტ ენას უჭერს მხარს. ეს სია დროთა განმავლობაში გაფართოვდება.


