ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი"ეძიე ის, რაც შენია" - ექსკლუზიური ინტერვიუ მოქანდაკე თამარ თალი თოიძესთან

“ეძიე ის, რაც შენია” – ექსკლუზიური ინტერვიუ მოქანდაკე თამარ თალი თოიძესთან

sheniinterieri.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მოქანდაკე თამარ თალი თოიძესთან:

რამ შთაგაგონათ, გამხდარიყავით მოქანდაკე და როგორ დაიწყეთ თქვენი ეს თავგადასავალი ?

– ძიების პროცესში ვიყავი, საკუთარი თავის გამომხატველ სფეროს ვეძებდი. შემთხვევით (შემთხვევითობების არ მჯერა, მაგრამ მაინც) ჩავირიცხე ქანდაკების ფაკულტეტზე და მივხვდი, რომ ეს ის სფერო და დარგი იყო, რომელიც პროფესიაზე მეტი გახდებოდა ჩემთვის ამ სამყაროში.

შეგიძლიათ, გვიამბოთ თქვენი შემოქმედებითი პროცესის შესახებ? მაგალითად, როგორ უდგებით ახალ პროექტსა თუ იდეას?

– ახალ პროექტს და იდეას ჩანახატიდან ვიწყებ უმეტესწილად, მაგრამ არის შემთხვევებიც, რომელიც გონებაში იდეის დამუშავებას და პირდაპირ მასალაში განხორციელებას მოისაზრებს. მიყვარს ახალ მასალებთან ურთიერთობა, ხშირად მასალებიდან გამომდინარეც ვქმნი ხოლმე რაიმე ინსპირირებულ ფორმას. ანუ ყველა მასალას სხვადასხვა მოთხოვნა და ფორმა აქვს გამომხატველად. ვცდილობ ამ ამოცანის განსხეულებას, ასე ვთქვათ…

თქვენი ნამუშევრები ხშირად იწვევს ძლიერ და ღრმა ემოციებს. არის რაიმე გზავნილი ან ისტორია, რომლის გადმოცემაც გსურთ თქვენი შემოქმედების საშუალებით?

– ჩემი შემოქმედება ინსპირირებულია პრეისტორიული ქანდაკებისგან.

ვილენდორფის ვენერას ფორმა დამატყვევებელია გადასვლისა და სრული ფორმის თვალსაზრისით, თუმცა უხეში რეალიზმით შესრულებული ნაკვთებიც ახასიათებს. ეს სინთეზური რეალობა მხიბლავდა მასში, თითქოს, ნეგატივი და პოზიტივი ერთად განსხეულდა… იდეური დატვირთვა სრულად განსხვავებული აქვს.

მაგალითად, თუ პრეისტორიული სკულპტურები ღვთაებებს გამოხატავდა, ჩემი ფიგურები უფრო სტერეოტიპულ ჩარჩოებს ამსხვრევს და მათი დახუნძლული ფორმები უფრო სტილიზებულ ფორმაში გადადის- ანუ მთლიანდება ფიგურა და გამოკვეთილი ნაკვთების ნაცვლად სრულ და ოვალურ ფორმას ითავისებს. ეს სამყაროსთანაც ასოცირდება. ზოგადად, კავშირი უფრო ღრმა ფასეულობებთან აქვთ, ვიდრე ეს კერპთაყვანისმცემლობის კულტი იყო.

მათ ნეგატიურის პოზიტიურად წარმოჩენის იდეა აქვთ საერთო და ეს ფორმებსა და მთლიანობაში გამოიხატება. არ ვარ ნეგატივზე ორიენტირებული პიროვნება, ვცდილობ პოზიტიურად აღვიქვა ყველაფერი და ნეგატივი ნებისმიერ სიტუაციაში არ გავამძაფრო. ეს ჩემს სკულპტურებშიც კარგად ჩანს, თუ დააკვირდებით… პოზიტიურ მუხტთან ერთად მელანქოლიაც იგრძნობა, მაგრამ აქცენტი გამახვილებულია დადებით მუხტზე.

შეგიძლიათ გაგვიზიაროთ გამორჩეული გამოცდილება ან სამახსოვრო მომენტი თქვენი, როგორც მოქანდაკის კარიერიდან, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თქვენზე?

– მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე და სულ ახლის ძიებაში ვარ. ვენდობი და მჯერა იმის, რაც გულიდან მოედინება და გონებით ვითარდება-ეს კავშირი კრავს და აერთანებს მთელ ჩემს შემოქმედებას. გულით იქმნება და გულით ვითარდება. ეს კავშირი როდესაც ვიპოვე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. ეს ის მდგომარეობაა, რომელიც რეალურად გხდის ადამიანს გულწრფელსა და მართალს. ყველას ვურჩევ ხოლმე, რომ გულის და გონების ხმას მოუსმინოს და ისე გადადგას ნაბიჯი, სინქრონში.

რა როლს თამაშობს ინტერიერის სივრცეები ან გარემო თქვენს შემოქმედებით პროცესზე და არის თუ არა ინტერიერის დიზაინის განსაკუთრებული ასპექტი, რომელიც შთააგონებს თქვენს სამუშაო პროცესს?

– რა თქმა უნდა, ინტერიერი და ექსტერიერი დიდ მნიშვნელობას იძენს ჩვენს პროფესიაში. ის, თუ სად განვათავსოთ ჩვენი ნამუშევარი, ამ ორი მიმდინარეობიდან გამომდინარეობს. ექსტერიერს უფრო მონუმენტური ქანდაკების მოთხოვნები ახასიათებს და ნაკლებად ითვისებს დაზგურ ქანდაკებას. კარიერის დასაწყისში მქონდა შეკვეთები, რომლებიც დაზგური ქანდაკების პროპორციებს მოისაზრებდა ექსტერიერში. განხორციელების შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას უნდა ვანიჭებდეთ ჩვენ, ხელოვანები, სივრცესთან და არქიტექტურასთან სიახლოვეს. ეს ორი დარგი, ფაქტობრივად, ერთ დიდ ვიზუალურ ფორმას ასახავს, უბრალოდ, არქიტექტურული ფორმა სივრცეში გამოყენებითია, ხოლო ქანდაკებების ფორმა მხატვრული ღირებულებებითაა დახუნძლული.

ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ დამწყები მოქანდაკეებისთვის, ან ზოგადად ხელოვანებისთვის, რომლებიც ახლხან იწყებენ კარიერას, რა იქნებოდა ეს?

– ჩემგან ვინმესთვის რჩევის მიცემა და დარიგება ცოტა ხმამაღალი იქნება, მაგრამ იმ ფაქტის აფიშირება, რაც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ურიგო არ იქნება – იყავით გულწრფელები საკუთარ თავთან და საკუთარ ნამუშევრებთან მიმართებაში… რაც გულით გწადიათ, განავითარეთ გონებით, ეს კავშირი ადამიანს სულ სხვანაირად ავითარებს და ამავდროულად, აბედნიერებს.

რამდენიმე დღის წინ ახალი ქანდაკება შევქმენი, რომელსაც სახელად – „ეძიე ის, რაც შენშია“ დავარქვი- სწორედ ეს არის ის, რაც რეალურად ყველამ უნდა ვეძიოთ და ის, რაც საბოლოოდ აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენ თავთან.

ავტორი: ელენე ტაბაღუა

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

23 January, 2025
„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ – ივანე ჩხაიძე

„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ – ივანე ჩხაიძე

იანვარი 23, 2025
ირლანდიაში შტორმ „ეოინის“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

ირლანდიაში შტორმ „ეოინის“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

23 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

იანვარი 23, 2025
7 მოწყობილობა, რომლებიც არასდროს უნდა ჩართოთ გადამყვანზე

7 მოწყობილობა, რომლებიც არასდროს უნდა ჩართოთ გადამყვანზე

23 იანვარი 2025
თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

იანვარი 23, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მანდარინის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

მანდარინის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

იანვარი 22, 2025
2025 წლის ზამთრის თმის ფერის ტრენდი

2025 წლის ზამთრის თმის ფერის ტრენდი

იანვარი 23, 2025
როგორ შევისწავლოთ უცხო ენები: 5 ეფექტური სტრატეგია

როგორ შევისწავლოთ უცხო ენები: 5 ეფექტური სტრატეგია

23 იანვარი 2025
თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება

თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება

იანვარი 22, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები