მედიაჰოლდინგი 《შენი》, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, დგას ყველა ქართული სტარტაპის გვერდით. ამჯერად გაგაცნობთ “YETS” -ს, ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრს, რომელიც სოფი გიგაურმა დააარსა 2013 წელს.
YETS საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაძლიონ ინგლისურ ენასთან დაკავშირებული გამოწვევები, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ მარტივი, სახალისო და ინოვაციური გზებით შეისწავლონ ენა სრულყოფილად.
„თანამშრომლობა და გუნდურობა ერთ-ერთი უმთავრესია ერთი მიზნისკენ სწრაფვისთვის. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრობა და გაზიარება კი უდიდეს როლს ასრულებს ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებაში.
10 წელზე მეტია, რაც ვარსებობთ და ამ ხნის მანძილზე ასობით მოსწავლე დავარწმუნეთ საკუთარ შესაძლებლობებში და მივეცით თვითრწმენა, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის გამოვლენა.
ყოველთვის დიდ მოტივაციას ვაძლევდი ჩემს მოსწავლეებს, რომ მიეღოთ მონაწილეობა და გამოცდილება სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსებში, არაერთხელ მოუგიათ კიდეც მსგავსი ოლიმპიადები საქართველოს მასშტაბით.“
სოფი გიგაურმა დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით. ამავე უნივერსიტეტში მან გაიარა მასწავლებელთა მომზადების პროგრამა.
სტუდენტობის პერიოდში ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. ერთ-ერთ ევროკავშირის პროექტში მიიღო დაფინანსებაც და გაემგზავრა პოლონეთის ქალაქ ოლსშტინში, სადაც ის თანამშრომლობდა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან.
პროგრამის ფარგლებში სოფი აწარმოებდა რამდენიმე პროექტს, რომელშიც გათვალისწინებული იყო პოლონეთის სკოლებში ვიზიტი და ინგლისური ენის კურსების დაგეგმვა-წარმართვა.
სოფის წყალობით ასობით პოლონელი მოსწავლე ეზიარა მის მიერ შემუშავებულ, გამარტივებულ და სახალისო სწავლების პროგრამას.
საქართველოში დაბრუნებისა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მალევე განახორციელა ჩანაფიქრი და უკვე ქართველ ბავშვებს შესთავაზა შედეგებზე ორიენირებული და მეგობრული სასწავლო გარემო YETS-ის სახით.
2019 წელს სოფიმ მუშაობა დაიწყო ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. ამავე წელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
„დიდ გამოცდილებასა და ბევრ შესაძლებლობებთან ერთად სკოლამ საშუალება მომცა გამევლო საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა IB-International Baccalaureate. დღესდღეობით უკვე ამ მიმართულებით ვასწავლი ამავე სკოლაში და პარალელურად ვხელმძღვანელობ YETS-ს, რომელიც 2020 წლიდან ონლაინ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.“
„ყოველთვის მიყვარდა სწავლა, მაგრამ ამაზე მეტად სიამოვნებას მანიჭებდა სწავლების პროცესი, ჩემი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება და დახმარების გაწევა“
„21-ე საუკუნის ბავშვს ვერ დააინტერესებ მხოლოდ სახელმძღვანელოებით, უმნიშვნელოვანესია, რომ მან თეორიული ცოდნა გამოსცადოს პრაქტიკაში. ითამაშოს, იხალისოს, ისაუბროს ბევრი.
მასწავლებელმა ყოველთვის უნდა მისცეს ბიძგი მოსწავლეს, რომ იძიოს, იკვლიოს, იყოს გამბედავი, პრინციპული, მოაზროვნე, გონება-გახსნილი და კომუნიკაბელური.
ყველა ბავშვი არის ერთმანეთისგან განსხვავებული პიროვნება სხვადასხვა ხასიათებითა და უნარებით. ურთულესია იპოვო ის გასაღები, რომელიც მრავალრიცხოვან ჯგუფში, თითოეულ მოსწავლეს გაუხსნის სწავლის სურვილს და მოტივაციით ჩაერთვება სასწავლო პროცესში. მნიშვნელოვანია რომ მასწავლებელმა მოიპოვოს მოსწავლის ნდობა და სიყვარული, მერე კი ყველაფერი მარტივია.
მიყვარს ამ გასაღების ძიების პროცესი და შემდეგ შედეგის სხვადასხვა გზით, სხვადასხვა დროს დანახვა“