კლასიკური და მარადიული მოდის პრინციპებზე დამყარებული ბრენდი „დალოოდი” ათწლეულებია, ქალებს ‘girlie’ ფემინიზმით გაჯერებული მაღალი ხარისხის, თამამ და ძლიერ დიზაინს სთავაზობს.
Dalood-ის ისტორია II ათასწლეულის დასაწყისიდან იღებს სათავეს. მას ნანა შუკვანი, იგივე დალოოდი აფუძნებს. 2015 წლიდან კი ბრენდის ხელმძღვანელი ხდება მისი ქალიშვილი, კომპანიის დაარსების დღიდან დალოოდის თანამენეჯერი და პროექტ „მასტერშეფის“ მონაწილე, ჩვენთვის კარგად ნაცნობი დიზაინერი – მაკა კვიციანი.
დალოოდის მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ ამ კომპანიისთვის სიახლეები უცხო ნამდვილად არ არის. მოგეხსნებათ, ბრენდის კონცეპტუალური შოურუმ სივრცე სულ ახლახან გიორგი ახვლედიანის 12 ნომერში გადავიდა, გოტიკური სტილის, ფერმკრთალი ლურჯი ტონით შეფერილ ნაცრისფერ ულამაზეს შენობაში. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, დღეს უკვე მულტიფუნქციურ სივრცედ გადაიქცა. სიახლეც სწორედ ამას უკავშირდება – მაკამ ახალი რეგალია შეითავსა და შოურუმთან ერთად, Dalood Café გახსნა. Dalood Café სრულყოფილ გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს თავის სტუმრებს. მის მომაჯადოებელ ინტერიერზე დიზაინერმა, ეკა პაპამაიკლმა იმუშავა. აქ თითოეული ნივთი ექსკლუზიურად დალოოდის სივრცისთვის შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ აქ ყოველი დეტალი, ავეჯი თუ დეკორაცია, ექსკლუზიურად დალოოდის სივრცისთვის შეიქმნა. კაფეში თქვენ წააწყდებით 50-იანი წლების დროინდელ კარადას. ფრანგი ქალი არქიტექტორისა და დიზაინერის, Charlotte Parriand-ის დიზაინით შექმნილ ხალიჩასა და სხვა უნიკალურ ნივთებს, სადაც შესვლისთანავე მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ენერგიით დაიმუხტებით. აქაურობა ძველ თბილისელთა აურას ატარებს, რომელსაც ძალიან ორგანულად ერწყმის თანამედროვე თვალით აღქმული დიზაინის ინტერიერი, ხოლო მნახველისთვის ყოველივე ეს თბილისურ-ევროპულ ეკლექტიკად ითარგმნება.
დღეს ჩვენი სტუმარია მაკა კვიციანი და იგი თავად გვიამბობს დალოოდ კაფეს შექმნის იდეაზე, ახალი კონცეფციისა და ახალ სივრცეში მოსალოდნელი გამოცდილებებისა თუ სერვისების შესახებ. ასევე, მაკა გვირჩევს, რომ თუ გვსურს, შევიგრძნოთ ნამდვილი “Art De Vivre“, აუცილებლად ვეწვიოთ დალოოდის ახალ სივრცეს.
M: მაკა, გვიამბეთ, როგორ შეიქმნა კაფე Dalood-ის კონცეფცია?
Dalood Café ჩვენი ტანსაცმლის ბრენდის ისტორიის გაგრძელებაა, თუმცა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ის დამოუკიდებელი ობიექტია და სამართლიანად აქვს ამბიცია, იყოს თბილისის It Café, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე, არასტანდარტულ, საუკეთესო ხარისხის ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. ჩვენს მენიუში მიზანმიმართულად ისეთი კერძები შევიტანეთ, რომლებიც სხვადასხვა მოგზაურობისას შემხვედრია და ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მათი დანაკლისი მქონია. რის შედეგადაც ხშირად გამჩენია სურვილი, რომ შემექმნა ადგილი, რომელიც შეძლებისდაგვარად ყველა ასეთ კერძს შესთავაზებდა სტუმარს. ჩვენი კაფეს მიდგომაა, რომ კერძებისთვის საჭირო პროდუქტი მაქსიმალურად ადგილობრივი წარმოების იყოს, იქნება ეს პური, პასტა თუ დესერტი. დარწმუნებული ვარ, რომ Dalood Café ქართულ გასტრონომიაში ახალ სიტყვას იტყვის და როგორც მოდის ინდუსტრიაში ბრენდი Dalood, Dalood Café-ც ძალიან წარმატებული იქნება სტუმარმასპინძლობის ბიზნესში.
M: ქართული მომხმარებელი Dalood-ს იცნობს როგორც ტანსაცმლის ბრენდს; როგორ თავსდება კაფე და ტანსაცმლის ბრენდი ერთმანეთთან?
ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება კულინარიის მიმართ. ამიტომ არავის გაჰკვირვებია, რომ საკუთარი რესტორნის გახსნა გადავწყვიტე. სიმართლე გითხრათ, ბავშვობის ოცნება იყო, რომ მქონოდა შესაძლებლობა, ჩემს გემოზე მომზადებული კერძები სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ამ სივრცემ კი მომცა ამ ოცნების ახდენის საშუალება, რადგან ყველა კერძში ჩემი ხელი ურევია.
M: ობიექტის ისტორიულ მდებარეობასა და დიზაინზეც, რომ თქვათ რამდენიმე სიტყვა.
ეს შენობა გოტიკურ სტილშია შესრულებული. მისი მსგავსი თბილისში იშვიათად თუ შეგხვდებათ. როცა კაფესთვის სივრცეს ვეძებდი, ისეთი ადგილი მინდოდა ყოფილიყო, სადაც ადამიანი კულტურულ და შთაბეჭდილებებით სავსე თავგადასავალს შეიძენდა. შესაბამისად, ლოკაციაც გამორჩეული უნდა შეგვერჩია. ამ შენობამ კი სწორედ მისი ისტორიულობითა და განსხვავებული არქიტექტურით მომხიბლა. კაფეს აქვს პატარა შიდა ეზო ლამაზი შადრევნით. რაც შეეხება ინტერიერს, მე ნანახი მქონდა ეკა პაპამაიკლის ნამუშევრები და იმდენად მომწონდა მისი სივრცის აღქმა, ხედვა, როგორც დიზაინერის და ინტერიერში დეტალებისადმი დამოკიდებულება, თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემს სივრცეზეც ეკას პროფესიონალიზმს მივანდობდი. როცა გვესტუმრებით, თავად იხილავთ, როგორ ჰარმონიულად და გემოვნებიანად ერწყმის ერთმანეთს ახალი და ძველი ესთეტიკა ერთმანეთს.
M: ვინ არის თქვენი მომხმარებელი?
ვფიქრობ, ეს სივრცე ტურისტებისთვის საინტერესო იქნება, თუმცა მეტწილად ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი. Dalood Café არ არის რესტორანი, ვგულისხმობ, ისეთი ადგილი სადაც წასასვლელად წინასწარ უნდა გაემზადო, დაჯავშნო მაგიდა და მიხვიდე სავახშმოდ. ეს არის ადგილი, რომელსაც დღის ნებისმიერ დროს, სხვადასხვა მიზეზით, სასადილოდ, წასახემსებლად, ყავაზე, გემრიელი დესერტის მისართმევად, მეგობრებთან ერთად, ბიზნესლანჩსა თუ კარგ კოქტეილზე – ნებისმიერ დროს შეგიძლია ესტუმრო. ახლო მომავალში საუზმის დამატებას ვფიქრობთ, რაც კიდევ უფრო გააფართოებს პოტენციური მომხმარებლების სეგმენტს.
ასევე, შეგვიძლია წვეულებასაც ვუმასპინძლოთ და უკვე არაერთი ღონისძიება გაგვიმართავს. სივრცე 70-ამდე ადამიანს იტევს, იდეალურია სალონური ღონისძიებებისთვის, იქნება ეს პროექტის/პროდუქტის პრეზენტაცია თუ ახლო წრეში აღნიშნული ნიშნობა ან დაბადების დღე. კი, სიტყვა „სალონური” შემთხვევით არ მიხსენებია, ჩვენთან ყველაფერში იგრძნობა, რომ აქ ძველი თბილისის ენერგია და აურა ტრიალებს.
M: თავისთავად საკვები ობიექტისთვის მენიუს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თქვენი მენიუს ასორტიმენტზე რომ მოგვიყვეთ, როგორი კერძების დაგემოვნებაა დალოოდში შესაძლებელი?
მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია. ჩვენი ყველაზე დიდი ენერგია დაეთმო ისეთი გემოების შექმნას, რაზეც დიდი მოთხოვნა იქნებოდა. მაგალითად, ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ უგემრიელეს ფრანგულ ხახვის სუპს, რომლის დაგემოვნებასაც ერთ-ორ ადგილას თუ შეძლებთ; ასევე, შემიძლია გამოვყო გოგრის სუპი, სალათები, ტარტარი, თევზეული, ქათამი მილანურად (Chicken Milanese), რვაფეხა, პასტა და სხვა. როგორც ვთქვი, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, რომელიც პოპულარულ გემოებზეა აწყობილი.
M: როდესაც ბაზარზე უამრავი კაფე თუ რესტორანია, თქვენი აზრით, რაშია დალოოდის მულტიფუნქციური სივრცის უნიკალურობა, რისთვისაც მოდიან მომხმარებლები?
პირველ რიგში, ვფიქრობ, სწორედ ეს მულტიფუნქციურობა და კონცეპტუალიზმი არის ის, რაც აღძრავს მოსვლის ინტერესს. ხოლო ინტერესის კმაყოფილებაში გადათარგმნას განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები: ამ სივრცის მდებარეობა, შთამბეჭდავი ინტერიერი თუ ექსტერიერი, არასტანდარტული მენიუ და გემრიელი გემოები, ძალიან ფართო და იშვიათი ღვინის არჩევანი, ულამაზესი ბარი უგემრიელესი საფირმო კოქტეილებით. ჩვენი მიზანია, გავუთანაბრდეთ მსოფლიოში განთქმული ევროპული ბარ-რესტორნების გასტრონომიულ გამოცდილებას და გავხადოთ ის ხელმისაწვდომი ადგილობრივი მომხმარებლისთვის.
M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
პირველ რიგში, გეგმაშია სეზონური მენიუების შეთავაზება. ასევე, გსურს, ჯანსაღი პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, ამ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმერებთან. ამასთან ერთად, მიზნად ვისახავთ საერთაშორისო პარტნიორებთან ისეთ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტს, იქნება ეს ზეითუნის ზეთი თუ სხვა, საზღვარგარეთაც გაიყიდოს. მომავლის გეგმებში გვსურს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა. მომავლის გეგმებშია ასევე, ე.წ. დღის ბარის, აპერატივვოს კულტურის შემოღებაც. როგორც უკვე აღვნიშნე, ხელოვნებისთვის მიძღვნილი, შემეცნებითი ხასიათის სალონური ღონისძიებების ორგანიზებაც. ამჟამად კი სომელიების მასტერკლასისთვის ვემზადებით.
#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri
წყარო:https://img.marketer.ge