გთავაზობთ ინტერვიუს სკოლის მოსწავლეებთან, რომლებმაც შექმნეს მოსწავლეთა კომპანია, რათა ზედა კიდურის პროთეზები აწარმოონ.
– გვიამბეთ თქვენს შესახებ, რას საქმიანობთ?
– ჩვენ ვართ 175-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები. გვაქვს მოსწავლეთა კომპანია, რომელიც აწარმოებს ზედა კიდურის პროთეზებს.
– რატომ გაგიჩნდათ ამ საქმის კეთების იდეა?
– ამ საქმის დაწყების იდეა გაგვიჩნდა მე-11 კლასში, როდესაც მეწარმეობის კურსს არჩევით საგნად გავდიოდით. გვინდოდა, ისეთ პრობლემაზე გვემუშავა, რომელიც გლობალურია და შევძლებდით რაიმე ახლის შეთავაზებას ადამიანებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ ისეთი ტრავმა, როგორიცაა კიდურის დაკარგვა.
– საინტერესოა, რა წარმატებას მიაღწიეთ ამ მხრივ?
– თავდაპირველად, მონაწილეობა მივიღეთ “ალტე უნივერსიტეტის” მიერ ჩატარებულ სასკოლო სტარტაპ მარათონში, სადაც მოვიპოვეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (ჯიტა) მხარდაჭერა. ისინი დაგვეხმარნენ ჩვენი იდეის რეალიზაციაში. შემდეგ მონაწილეობა მივიღეთ Junior Achievement-ის მოსწავლეთა სამეწარმეო კონკურსში, სადაც გავიმარჯვეთ და საქართველოს სახელით ვიასპარეზეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამეწარმეო კონკურსზე, რომელიც იტალიაში, კატანიაში გაიმართა. გარდა ამისა, ვმონაწილეობდით ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტში, სადაც 92 გუნდიდან ათეულში მოვხვდით და ფინალს ველოდებით.
– რას ნიშნავს თქვენთვის ამ საქმის კეთება?
– ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ პრობლემასთან შეჭიდება უწევთ. ვთვლით, რომ ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა და, ამასთანავე, საკუთარი თავის მრავალმხრივ განვითარებასაც უწყობს ხელს.
– რა არის თქვენი მიზანი?
– ჩვენი მიზანია დავრეგისტრირდეთ როგორც სტარტაპ კომპანია და უშუალოდ ვაწარმოოთ ზედა კიდურის პროთეზები. შემდგომში კი გვინდა ქვედა კიდურის პროთეზზეც დავიწყოთ მუშაობა.
– რატომ გადაწყვიტეთ სახელი „დიდოსტატი“?
– სახელი „დიდოსტატი“ თემატურად ავარჩიეთ. კონსტანტინე გამსახურდიას რომანში „დიდოსტატის მარჯვენა“, მთავარ პერსონაჟს მარჯვენა ხელს ჰკვეთენ. რადგანაც ჩვენ ხელის პროთეზზე ვმუშაობთ, აქედან წამოვიდა სახელის ინსპირაციაც.
– გვითხარით, რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენს ასაკში ამ ყველაფერთან გამკლავება?
– ჩვენს ასაკში ამ ყველაფერთან გამკლავება არც ისე მარტივია, რადგან მოგვიწია სხვადასხვა სფეროს შესწავლა გამოცდილების გარეშე. ბევრი რამ ნულიდან ვისწავლეთ, ხოლო საქმიანობა დიდ დროს მოითხოვდა და ამის შეთავსება სკოლასთან რთული იყო. თუმცა, საბოლოოდ, თავს ვართმევდით. გუნდურობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა – თითოეული წევრი მაქსიმუმს აკეთებდა და ერთმანეთის მხარდამჭერები ვიყავით. პროექტზე მუშაობისას ერთმანეთის თანადგომა მოტივაციას გვმატებდა. ასევე, დიდ მადლობას ვუხდით ჯიტას ინდუსტრიულ დიზაინერს, დავით ვარდანიძეს, რომელიც ყოველთვის მზად იყო დაგვხმარებოდა როგორც სამუშაო სივრცით, ასევე საჭირო რჩევებით.
– როგორ შეხვდნენ ოჯახები იმას, როდესაც განუცხადეთ, რომ ამ საქმის წამოწყებას აპირებდით?
– როდესაც ოჯახს განვუცხადეთ, რომ ამ საქმის დაწყება გვინდოდა, ისინი გვერდში დაგვიდგნენ და მუდამ სჯეროდათ ჩვენი. ბედნიერ და რთულ მომენტებშიც ჩვენს გვერდით იყვნენ.
– მიეცით მოტივაცია სხვებს: რას ეტყვით თქვენს თანატოლებს, რომლებსაც რაიმე ახლის ცდა სურთ, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირთ?
– ჩვენს თანატოლებს ვეტყვით, რომ გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან. ბევრი დაბრკოლება იქნება გზად, მაგრამ ისინი მიიღებენ უნიკალურ გამოცდილებას და განვითარდებიან. რაც მთავარია, არასდროს უნდა დანებდეთ – პირველი ცდით შეიძლება ვერ მიაღწიოთ მიზანს, მაგრამ აუცილებლად გამოვა შემდეგ ჯერზე. მთავარია, არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და იმედი. მარცხი არ უნდა იყოს უარყოფითი მოვლენა, არამედ მოტივაცია იმისთვის, რომ შემდეგ ჯერზე წარმატებას მიაღწიოთ.
მასალის გამოყენების პირობები